საქართველოს პრეზიდენტი რიგაში საქართველო-ლატვიის ერთობლივ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც ლატვიური და ქართული კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ბიუროკრატიული ბარიერები, რაც ბიზნესმენებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ქვეყანას.
"უკვე მეორე დღეა შეხვედრებს ვმართავ საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობებისა და პერსპექტივის თაობაზე. საქართველოს ბევრი რამ შეუძლია შემოგთავაზოთ. 90-იან წლებში, როდესაც ამერიკაში იურიდიულ ფირმაში ვმუშაობდი, შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა გაერო-ს ასამბლეაზე. მას სურდა ინვესტიციები საქართველოში მოეზიდა და შეხვედრები გამართა ნიუ-იორკში. ჩვენ თავი მოვუყარეთ ამერიკის უმსხვილეს ინვესტორებს. მათ შევარდნაძეს ჰკითხეს, რისი შეთავაზება შეეძლო უცხოელი ინვესტორებისთვის. მისი პასუხი იყო, გვყავს კეთილმოსურნე ხალხი, გვაქვს ძალიან კარგი კლიმატი და, რაც მთავარია, ძალიან გემრიელი სამზარეულო. ეს ყველაფერი არ შეცვლილა, მაგრამ დღეს ჩვენ ბევრად მეტის შეთავაზება შეგვიძლია. უპირველესად, ფაქტია, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველო საუკეთესო ადგილია ბიზნესის საკეთებლად აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში. ჩვენთან საკუთრების რეგისტრაციის ყველაზე სწრაფი პროცედურებია, ასეთივე სწრაფია საბაჟო პროცედურები და ტრანზაქციის შესაძლებლობა", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განცხადებით, საქართველოში მოქმედებს იუსტიციის სახლი, სადაც იურისტების დახმარებით რამდენიმე წუთშია შესაძლებელი ისეთი მომსახურების მიღება, რასაც გაცილებით მეტი დრო სჭირდება სხვა ქვეყნებში.
"ბიუროკრატიული პროცედურები იმდენად არის გამარტივებული, რომ ამ მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა ახალი ზელანდიის გვერდით დგას. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, საქართველო ბევრად წინაა, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა. განსაკუთრებით, ახალ წევრებს ვგულისხმობ. გზები, აეროპორტები, საზღვაო პორტები ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ზღვის პირას ახალ საპორტო ქალაქ ლაზიკას ვაშენებთ. უკვე გვაქვს პორტები ბათუმში, რომელიც ყაზახური ოპერატორის მიერ იმართება, ფოთში, რომელიც "მაერსკ"-მა შეიძინა და ასევე ყულევის ტერმინალი, რომელშიც აზერბაიჯანული კომპანია დებს ინვესტიციას. ლაზიკას ძალიან საინტერესო მდებარეობა აქვს და გირჩევთ ამ ბიზნესშესაძლებლობაზე გაამახვილოთ ყურადღება. ჩვენ გვინდა დავნერგოთ ბრიტანული კანონი, რომელიც ლაზიკას საქართველოს კონსტიტუციით განსხვავებულ სტატუსს მიანიჭებს. იქვე მოქმედებს აეროპორტი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა გამართულია. ჩვენი მეზობლებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი გაზი, მაგრამ გვაქვს კრიმინალისგან თავისუფალი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის კვლევების თანახმად, როგორც ევროპის ერთ-ერთ უსაფრთხო სახელმწიფოს. გვაქვს დაბალი გადასახადები და გამჭვირვალე პროცედურები. ჩვენ მთელ რეგიონთან ვთანამშრომლობთ - რუსეთთან, უკრაინასთან, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებთან, მაგრამ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გათვალისწინებით, თქვენთან განსაკუთრებული კავშირი გვაქვს. მინდა საქართველოში დავპატიჟო როგორც ბიზნესმენები, ისე ტურისტები ლატვიიდან", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას.
სააკაშვილმა ლატვიელ ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ ინვესტიციების ლაზიკის განვითარებაში ჩადონ და კონკრეტული პროექტები განახორციელონ.
რიგაში გამართული ბიზნესფორუმის ფარგლებში უკვე გაფორმდა რამდენიმე ხელშეკრულება, რომელთა შედეგად ივლისში ლატვიაში სხვადასხვა სახეობის ქართული პროდუქცია შევა. ლატვიური მხარე დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციის ჩადებით, მათ შორის, საკურორტო ქალაქ ანაკლიაში სასტუმროების მშენებლობით. ამას გარდა, იგეგმება ერთობლივი პროექტების განხორციელება განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.