სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ თერჯოლის რაიონის სოფელ აჯამეთის სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა ადგილობრივებს სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნო და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.
გოროზია სადემონსტრაციო ნაკვეთზე ნესვისა და პომიდვრის ჩითილების გადარგვის პროცესსაც დაესწრო. 130 ჰექტარი ფართობის ნაკვეთის მორწყვა თანამედროვე, პივოტური დაწვიმებითი სისტემით ხორციელდება, რომლის საშუალებითაც ჩითილებს სასუქი და მცენარის დაცვის საშუალებები მიეწოდება. ამ თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება წელიწადში მოსავლის ორჯერ მიღების საშუალებას იძლევა, რაც, შესაბამისად, ორმაგად გაზრდის მიღებულ შემოსავალს.
სადემონსტრაციო ნაკვეთზე სხვადასხვა კულტურა - ნესვი (15 ჰა), პომიდორი (15 ჰა), სიმინდი (40 ჰა) და ხორბალი (60 ჰა) მოჰყავთ. აჯამეთის მეურნეობაში 150 ადგილობრივია დასაქმებული.