საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს დახურულ კარს მიღმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე ხვდება.
დიმიტრი შაშკინის მოადგილე ამ წუთებში განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტში კომიტეტის თავმჯდომარეს გოკა გაბაშვილსა და მის მოადგილეს ხათუნა ოჩიაურს ხვდება. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.
კონსულტაციების თემა, სავარაუდოდ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ირგვლივ შექმნილი ვითარება და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ ყალბ ატესტატებთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებებია.
შეგახსენებთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, დღეს განცხადება გაავრცელა.
სამინისტროს განმარტებით, სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატები მიიღეს 2010-2011 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ორმა კატეგორიამ და მათი რაოდენობა 298-ს არ აღემატება. პირველი კატეგორიაა ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები. ატესტატები აიღო ასევე 14-მა განსაკუთრებით ნიჭიერმა ქართველმა მოსწავლემ, რომლებმაც გამოცდები წარმატებით ჩააბარეს მსოფლიოს წამყვან იმ უნივერისტეტბში, სადაც ჩარიცხვის ძალიან მკაცრი მექანიზმები მოქმედებს.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილმა კი დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სპეციალური სერიის დოკუმენტები გამონაკლისის სახით, მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებისთვის დაიშვა, რაც იყო ჰუმანური მიდგომა ეთნიკური უმცირესობების მიმართ და არა კრიმინალი.