გაეროსა და არაბეთის გაერთიანებული სახელმწიფოების ლიგის სპეციალური წარმომადგენელი კოფი ანანი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს დღეს დამასკოში შეხვდება. ამავდროულად სირიაში საპროტესტო აქციები გრძელდება ქალაქ ხულაში 100 ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის გამო.
ანანმა უკვე განაცხადა, რომ მომხდარი საშინელი დანაშაულია, რომელსაც სერიოზული შედეგები ექნება.
მან ასევე გააფრთხილა სირიის ხელისუფლება, რომ მათ მოუწევთ ქმედითი ღონისძიებების გატარება, იმისათვის რათა აჩვენონ ყველას, რომ ისინი კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტით არიან დაინტერესებულნი.
კოფი ანანი სირიაში გუშინ ჩავიდა და მოლაპარაკებები მინისტრებთან და გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, გენერალ რობერტ მუდთან უკვე გამართა.