კავკასიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი საქართველოში 11 ივნისს ჩამოდის. აღნიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.
როგორც ჟურნალისტებს `საინფორმაციო ცენტრში ნატო-ს შესახებ~ განუცხადეს, ჯეიმს აპატურაი საქართველოში დაგეგმილ ნატოს კვირეულთან დაკავშირებით ჩამოდის, რომელიც 11-16 ივნისს გაიმართება.
ნატო-ს კვირეული თბილისში, სასტუმრო `ქორთიარდ მარიოტში" საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება, რომელშიც ჯეიმს აპატურაი ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იქნება. ის ასევე გამართავს შეხვედრას თავისუფალ უნივერსიტეტში.
ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. თუმცა, მისი ვიზიტის განრიგთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
როგორც `საინფორმაციო ცენტრში ნატო-ს შესახებ~ განმარტავენ, ნატო-ს კვირეული საქართველოში ყოველწლიურია და წელს უკვე მეხუთედ იმართება. ნატო-ს დღეები როგორც წესი, შემოდგომაზე ტარდება, მაგრამ იმის გამო რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში არჩევნებია დაგეგმილი, ნატო-ს კვირეულმა ზაფხულში გადმოიწია, რათა მისი პოლიტიზირება არ მომხდარიყო.