განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საჯარო წესით უნდა განუმარტოს საზოგადოებას, თუ რატომ გახდა აუცილებელი მაია მიმინოშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება სწორედ 28 მაისს და არა ორიოდე თვით ადრე ან - გვიან, -ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი თანამშრომლების განცხადებაშია აღნიშნული, რომელთაც პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვეს.
"მიგვაჩნია, რომ ამ თხოვნის შესრულების გარეშე შეუძლებელი იქნება განათლებისა და მეცნიერების ამჟამინდელმა მინისტრმა უარყოს ბრალდება, რომ მისი ეს გადაწყვეტილება იყო უპასუხისმგებლო და საზოგადოების დაკვეთასთან მკვეთრად დაპირისპირებული. ასეთ შემთხვევაში, როგორც საზოგადოების წევრებს, გვსურს, დავსვათ დიმიტრი შაშკინის თანამდებობის დატოვების საკითხი. ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამოსაშვები გამოცდების პროცესი არ შეფერხდეს და აქვე უნდა გავიმეოროთ, რომ ცენტრის თანამშრომლებმა უკვე დაწერეს განცხადებები ცენტრის დატოვების თაობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.