გამოცდების ცენტრის ყოფილი თანამშრომლები გამოცდების სრულყოფილად ჩატარებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას დიმირტი შაშკინს აკისრებენ. -ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი თანამშრომლების განცხადებაშია აღნიშნული, რომელთაც პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვეს. განცხადება ჟურნალისტებს ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა ჯამბურიამ გააცნო.
სამსახური ცენტრის 60 თანამშრომელმა დატოვა.
"საზოგადოების წინაშე ჩვენი ზნეობრივი ვალი გვაიძულებს განვაცხადოთ, რომ აღნიშნულ პირობებში შეუძლებლად გვესახება ჩვენი მოვალეობის სათანადოდ შესრულება. მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციის ყველა წევრი მაია მიმინოშვილის ხელმძღვანელობით პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. დღეს კი, ჩვენს მოქალაქეობრივ ვალად მიგვაჩნია დავტოვოთ დაკავებული თანამდებობები და ამავდროულად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ დაზარალდეს არც ერთი მოსწავლე, აბიტურიენტი, პედაგოგი. შესაბამისად, მზად ვართ კანონით გათვალისწინებულ ვადებში, არსებული წესის თანახმად, გადავცეთ მონაცემთა ბაზა და შეფასებითი კრიტერიუმები ჩვენს შემცვლელებს. მაია მიმინოშვილი შესანიშნავად უძღვებოდა გამოცდების ეროვნულ ცენტრს დღიდან მისი დაარსებიდან, 2002 წლიდან. გაგებით ვეკიდებით, თუმცა არ ვეთანხმებით მის სურვილს, გავაგრძელოთ მუშაობა ახალ პირობებში. მომავალ გამოცდებში დაფიქსირებულ ნებისმიერ შედეგზე პერსონალური პასუხისმგებლობა თავად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა იკისრა", - ნათქვამია განცხადებაში.