დიმიტრი შაშკინს "პრინციპული შეუთავსებლობა" აქვს არა მარტო მაია მიმინოშვილთან, არამედ ცენტრის თანამშრომლებთანაც , -ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი თანამშრომლების განცხადებაშია აღნიშნული, რომელთაც პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვეს.
განცხადება გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა რამდენიმე წუთის წინ ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გააკეთეს. სამსახური ცენტრის 60 თანამშრომელმა დატოვა.
მათი განცხადებით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის სამსახურიდან გათავისუფლება, რაც გაუგებარი და ბუნდოვანი მიზეზით მოხდა.
"ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისა და მინისტრის გუშინდელ შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა ვერ მოიყვანა ვერც ერთი არგუმენტი იმის სადემონსტრაციოდ, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება მინისტრისა და მაია მიმინოშვილის "შეუთავსებლობა". საბოლოოდ კი, არსებითად ის გვითხრა, რომ მან გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და მისი ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს არგუმენტირებას. გამოცდების ეროვნულ ცენტრში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად, ბატონ მინისტრს სინამდვილეში "პრინციპული შეუთავსებლობა" აქვს არა მარტო მაია მიმინოშვილთან, არამედ ცენტრის თანამშრომლებთანაც", - განაცხადა ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა ჯამბურიამ, რომელმაც ჟურნალისტებს ცენტრის თანამშრომელთა განცხადება გააცნო.