პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სფეროში გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
პრემიერ-მინისტრის მთავარმა მრჩეველმა ვახტანგ ლეჟავამ კომიტეტს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ეტაპები გააცნო. მისი თქმით, პირველი ეტაპი მოსამზადებელი სამუშაოები იყო. ივნისის ბოლოს მეორე ეტაპი, ტექსტებზე მუშაობა იწყება.
„ეს, მნიშვნელოვანი და შრომატევადი საკითხია. ევროკომისიისგან თხოვნაა, რომ ტექსტების შინაარსი დახურული დარჩეს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ყველა საკითხს მოიცავს, რომელიც ვაჭრობასთან დაკავშირებულია. საბაჟო ტარიფებიდან დაწყებული, კონკურენციის საკითხებით დასრულებული," -აღნიშნა ლეჟავამ.
მისი თქმით, შეთანხმება სრულად და ფორმალურად, მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ევროკავშირის ყველა წვერი ქვეყანა მოახდენს. თუმცა, იმის გამო, რომ ვაჭრობა ევროკომისიის კომპეტენციაა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებამდე, ხელმოწერისთანავე ამოქმედეება. ლეჟავას თქმით, მოლაპარაკებების პროცესი დაახლოებით ორი წლის ფარგლებში დასრულდება.
სექტემბერიდან კონკურენციის კანონმდებლობაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ქართველ მოსამართლეებს შვედეთში ტრენინგები ჩაუტარდებათ. შვედეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომელთა სწავლებაც იგეგმება. 2011 წლის 1 იანვრიდან კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოები გაერთიანდნენ. ჩამოყალიბებულ სააგენტოს 59 თანამშრომელი ჰყავს.