საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარდების მოედანზე, სამრეწველო აღლუმის ფარგლებში გამოფენილი საქართველოში დამზადებული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა.
პრეზიდენტი ბავშვებთან ერთად ჩაჯდა ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ლაზიკაში", ჯავშანმანქანა "დიდგორში", და საქართველოში დამზადებულ 4 და 7-ადგილიან თვითმფრინავებში.
პრეზიდენტი მოქალაქეებსაც გაესაუბრა და მათთან ერთად სამსახსოვრო ფოტოები გადაიღო. პრეზიდენტმა ვარდების მოედანი უკომენტაროდ დატოვა.
თბილისში მიმდინარე სამრეწველო აღლუმზე, სასტუმრო "რადისონთან" საქართველოში დამზადებული სამხედრო ტექნიკაც არის წარმოდგენილი. ტექნიკა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაშია" წარმოებული.
წარმოადგენილია "ლაზიკა", "დიდგორი" - (3 მოდელი), უპილოტო საჰაერო სისტემა, სამხიდიანი დაჯავშნული მანქანა, Tam Jet - (ოთხადგილიანი თვითმფრინავი), Elit Jet - (შვიდადგილიანი თვითმფრინავი), 60 მმ-იანი ნაღმმტყორცნი, 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნი, 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი, პისტოლეტი, RPG-7 - ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, ერთჯერადი ხელის ყუმბარმტყორცნი, "მყუდრო" - (უხმო ნაღმმტყორცნი), RD-7 - (ტანკსაწინააღმდეგო, ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი), ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, M4-ის მაყუჩი, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი ГП-25, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი "AG-40".
აღნიშნული სამხედრო ტექნიკა დამზადებულია საქართველოში. მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს.
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" დაქვემდებარებაში მყოფმა საწარმოებმა სამრეწველო აღლუმზე, აგრეთვე, წარმოადგინეს აირგამათბობლები - "კერა-3მ", "კერა 8-მ", "კერა 10", სხვადასხვა ზომის წყალგაყვანილობის და აირგაყვანილობის მილები, სამხედრო ფეხსაცმელი და სამხედრო ფორმა.