თბილისის მერი გიგი უგულავა გლდანის მოსახლეობას შეხვდა და 2010 წლის დასაქმების ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ესაუბრა.
უგულავამ აღნიშნა, რომ დასაქმება დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. ამიტომ მერიამ მოსახლეობისთვის უფასო ინგლისურისა და კომპიუტერის სწავლება დაიწყო.
მერიის თანადაფინანსებით დაიწყო ლიფტების მოწესრიგება ყველა უბანში, სადაც 70 პროცენტს მერია დაფარავს, 30-ს კი ოთხწლიანი განვადებით - მოსახლეობა.
თბილისში მცხოვრებ ყველა პენსიონერს პენსია 10 ლარით გაეზრდება, მათ ასევე გადაეცემათ 25-ლარიანი სამედიცინო ვაუჩერი და სატრანსპორტო შეღავათების ბარათები.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტად რჩება შიდა გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საავადმყოფოების რეაბილიტაცია და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი სადაზღვევო პირობების შექმნა.