"კონსერვატორების" ინფორმაციით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"კონსერვატიულმა პარტიამ გააკეთა მიმართვა ხელისუფლების ორგანოებისადმი და მოითხოვა დაზუსტებული ინფორმაცია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის შესახებ, რაზედაც პასუხი არ მიუღია. წუხელ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ცოტნე გამსახურდია იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში, რის შემდეგ ოჯახის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად მივედით გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, თუმცა ადმინისტრაციამ უარი თქვა ჩვენთვის მოეწოდებინა რაიმე ტიპის ინფორმაცია", - განაცხადა კუკავამ.
"კონსერვატორები" კიდევ ერთხელ მიმართავენ ხელისუფლების ორგანოებს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ "მთელი პასუხისმგებლობა ნებისმიერ გაუთვალისწინებელ შედეგზე დაეკისრება პირადად მიხეილ სააკაშვილს".
"აქვე დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას დღემდე უცნობ ინფორმაციას, რომ ცოტნე გამსახურდიას მხარდასაჭერად ნიუ-იორკში 13 იანვრიდან შიმშილობს მერაბ კოსტავას ქალიშვილი თამთა კოსტავა", - განმარტა კუკავამ.