უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სავარაუდო მომავალმა ხელმძღვანელმა ანიტა ორბანი მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრს, პეტერ სიიარტოს აფრთხილებს, რომ დოკუმენტების განადგურება უკანონო ქმედებაა.
მისი თქმით, სამშაბათს, ისევე როგორც წინა დღეს, სხვადასხვა წყაროდან მივიდა შემაშფოთებელი ინფორმაცია უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რომ ნადგურდება სანქციებთან დაკავშირებული დოკუმენტები და სხვა მასალები.
საგარეო საქმეთა სამინისტროში დოკუმენტების განადგურების შესახებ განაცხადა საპარლამეტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია "ტისას" ლიდერმა პეტერ მადიარმაც.
ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ასეთი ქმედებები დაუშვებელია.
„ეს დაუშვებელია. ჩვენ მკაცრად მოვუწოდებთ მინისტრ პეტერ სიიარტოსა და მის კოლეგებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნებისმიერი დოკუმენტის განადგურება. ასევე არ უნდა წაიშალოს მონაცემები და დოკუმენტები არც ერთი ელექტრონული აღრიცხვის სისტემიდან. ვინც ამას მაინც გააკეთებს ან სხვებს სთხოვს თანამშრომლობას, უკანონო ქმედებას ჩაიდენს“, - წერს ანიტა ორბანი სოციალურ ქსელში.
მან სამინისტროს თანამშრომლებს მოუწოდა არ შეეშინდეთ:
„უკანონო ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის გამო ამიერიდან არავის არ შეექმნება პრობლემები,“ - წერს ანიტა ორბანი.
ასევე მან სთხოვა სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომ გარდამავალ პერიოდში აღარ მიიღონ საკადრო გადაწყვეტილებები გათავისუფლებებსა და მივლინებებთან დაკავშირებით.