რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მხოლოდ იმ საზღვრებში, რომელიც თავად დააწესა მიხეილ სააკაშვილმა, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი გარეშე. ეს განცხადება დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"წელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ აგრესია განახორციელა. ჩვენ ვაღიარეთ ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკა _ ეს იყო ერთადერთი საშუალება, შეგვენარჩუნებინა ამ რესპუბლიკების მცხოვრებლების სიცოცხლე და მათი უსაფრთხოება უზრუნველგვეყო", _ განაცხადა ლავროვმა და დასძინა "ჩვენ კარგად ვიცით სააკაშვილის ოინები".
"აგრესიის ჩახშობის შემდეგ შემუშავდა მედვედევი-სარკოზის გეგმა. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ იმ საერთაშორისო დისკუსიებზე, რომელიც ახლა ჟენევაში მიმდინარეობს, განგვეხილა არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ სტატუსის საკითხებიც. ჩვენ არ გვქონდა არავითარი გეგმა საქართველოში შეჭრისა და ცალმხრივად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება", _ განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ "რუსეთი აღიარებს და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ იმ საზღვრებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დააწესა _ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ჩვენ არ გაგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები თბილისთან და არ ვართ დამნაშავე იმაში, რომ თბილისთან ოფიციალური ხაზით კონტაქტები მწირია", _ განაცხადა ლავროვმა.