პარლამენტს საზეიმო და საიუბილეო სხდომების გამართვის უფლება მიენიჭა. ამის შესახება ცვლილება პარლამენტის რეგლამენტში შევიდა. კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტს 130-ე პრიმა მუხლი ემატება, რომელიც ასეთი სხდომის გამართვას არეგულირებს.
პარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებული ცვლილების თანახმად, საქართველოში საპატიო სტუმრის ჩამოსვლასთან, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან ან ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით, შეიძლება გაიმართოს პარლამენტის საზეიმო და/ან საიუბილეო სხდომა.
ასეთი სხდომა შეიძლება მიეძღვნას კონკრეტულ მნიშვნელოვან თარიღს თუ ფაქტს. ასევე, შეიძლება ჰქონდეს სიმბოლური დატვირთვა და მისი მიმდინარეობისას არ გავრცელდება რეგლამენტით დადგენილი ზოგადი ნორმები. ზოგადი ნორმებიდან მხოლოდ სხდომის თავმჯდომარისთვის სხდომის წარმართვისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება იქნება სავალდებულო.
საზეიმო თუ საიუბილეო სხდომა, ტარდება მხოლოდ კონკრეტულ თარიღთან და ფაქტთან დაკავშირებით და მის შემდეგ სხდომა დაიხურება. საზეიმო და/ან საიუბილეო სხდომას, როგორც წესი, პარლამენტის თავმჯოდმარე წარუძღვება. თუმცა, თუ ის ამას ვერ შეძლებს, შეეძლება ეს უფლება ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით მის ერთ-ერთ მოადგილეს დაავალოს.
საზეიმო თუ საიუბილეო სხდომაზე შეიძლება მიწვეულ იქნენ სპეციალური სტუმრები.
საზეიმო და საიუბილეო სხდომის ჩატარების გადაწყვეტილებას, პარლამენტის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე, პარლამენტის ბიურო მიიღებს, ხოლო რიგგარეშე სესიისა და სხდომის მოწვევის შემთხვევაში, ასეთი სხოდმის მოწვევაც ისევე განხორციელდება, როგორც ჩვეულებრივი რიგგარეშე სხდომა.
შეგახსენებთ, პარლამენტი 26 მაისს ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხდომის გამართვას გეგმავს, რაც რეგლამენტით არ რეგულირდებოდა.