პროკურორი არ იქნება ვალდებული, ფარულ ჩანაწერებზე სასამართლოს სხდომას უშუალოდ დაესწროს. ამის შესახებ ცვლილება "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის" შესახებ კანონში პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილების თანახმად, გამოძიებისას დასაშვებია მოსამართლის ბრძანებით, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა; ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა (გარდა დიპლომატიური ფოსტისა) კონტროლი.
ასევე, მოსამართლის ბრძანებით დასაშვებია ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა, კინო და ფოტოგადაღება; ელექტრული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს.
ასევე, კანონის მოქმედი რედაქციით, ბრძანებას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო გამოსცემს, სასამართლოს დახურულ სხდომას კი პროკურორიც უნდა დაესწროს.
პარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებული ნორმით კი, პროკურორს უფლება ექნება სხდომას უშუალოდ არ დაესწროს და მასში მონაწილეობა, დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მიიღოს.