ხელისუფლება ლიცენზიის გარეშე მომუშავე მაუწყებლების ავტორიზაციას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილებებით, ავტორიზაცია შეეხება ყველა მაუწყებელს, გარდა საეთერო და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობისა, აღნიშნული წესით მაუწყებლობას ლიცენზია სჭირდება.
კერძოდ, ახალი რეგულაციის მიხედვით, საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლობის განხორციელების მსურველმა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უნდა მიმართოს. მათ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პერსონალური ინფორმაციები, განსახორციელებელი მაუწყებლობის სახეობა (საერთო ან სპეციალიზებული), რომლის ავტორიზაციასაც ითხოვს ავტორიზაციის მსურველი პირი, საქმიანობის მოკლე აღწერილობა და მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.
განცხადებას უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ფიზიკური პირის შემთხვევაში - საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის ასლი და შესაბამისობის დეკლარაცია.
განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, მარეგულირებელი კომისია მაუწყებლობის ავტორიზაციას განახორციელებს და მათ ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში დაარეგისტრირებს. ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შევა შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემებიც და იგი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი პირისათვის.
თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება.
პროექტის თანახმად, ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. თუკი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად და მათზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
მაუწყებლობის ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით და პირს უფლება ექნება, მაუწყებლობა ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის დღიდან დაიწყოს.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ავტორიზებული მაუწყებელი ვალდებული იქნება დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები, ასევე კომისიის გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ავტორიზებული საქმიანობა. ასევე, ვალდებულნი იქნებიან დაიცვან ყველა ის საავტორიზაციო პირობა, რომელიც მის საავტორიზაციო განცხადებაში იქნება ასახული.
ავტორიზებულ მაუწყებლებს მოუწევთ თავის საქმიანობაში დაიცვან პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ; ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ და კომისიას მიაწოდონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამონ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; კომისიას წარუდგინონ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყონ ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.
გარკვეულ შემთხვევებში მარეგულიერებელ კომისიას შეეძლება მაუწყებელს ავტორიზაცია შეუჩეროს.
კერძოდ, კომისია უფლებამოსილი იქნება შეაჩეროს ავტორიზაცია, ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით; ასევე, ავტორიზირებულ პირს კომისია უფლებამოსილებას შეუწყვეტს საკუთარი ინიციატივით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად არ განახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას, არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას და არ იხდის რეგულირების საფასურს.
პროექტის მიხედვით, ავტორიზაციის შეჩერების შემთხვევაში, დაუშვებელი იქნება ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელება კომისიისათვის საქმიანობის განახლების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის გარეშე.
ამასთან, კომისიას არ შეეძლება მაუწყებელს ავტორიზაცია გაუუქმოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაუქმებას ითხოვს თავად ავტორიზებული პირი. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე შესრულებული უნდა ჰქონდეს ყველა კანონისმიერი ვალდებულება.
ავტორიზაციის გაუქმება არ დააბრკოლებს პირს, რომ მან ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია კანონით დადგენილი წესით. ავტორიზაციის გარეშე მაუწყებლობისთვის პირი 5 ათასი ლარით დაჯარიმდება.