თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა კიდევ ერთი გახმაურებული საქმის განხილვა, ე.წ. - "ფულის გათეთრების" - უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული ფულადი სახსრების ლეგალიზაციისა და თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებულების მალხაზ და თენგიზ ნაგერვაძეების, არჩილ ლობჟანიძისა და ლევან დუმბაძის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისსის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
საქმის მასალის მიხედვით: 2007 წლისთვის ს/ს ,,ელიტ-ელექტრონიქსს" გაუსტუმრებელი საბანკო ვალდებულებებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების სახით 7 217 284,27 ლარის ოდენობით დავალიანება დაუგროვდა.
საგულისხმოა, რომ ამ დროისთვის ანზორ ქოქოლაძის გამგებლობაში იყო ზემოაღნიშნული საზოგადოების აქციათა საკონტროლო პაკეტი და მმართველობა. მისთვის ცნობილი იყო, რომ ს/ს ,,ელიტ ელექტრონიქსის" მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას კრედიტორების სასარგებლოდ ამავე საზოგადოებაში კუთვნილი წილებიდან განსაზღვრული წილის დათმობა მოუწევდა. აღსანიშნავია,რომ წილის დათმობის შედეგად სააქციო საზოგადოების კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ გადავიდოდა საბანკო დაწესებულების გამგებლობაში, ხოლო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით საზოგადოების კუთვნილი ქონებისა და მატერიალური აქტივების მიმართ გატარდებოდა კანონით დადგენილი იძულებითი ღონისძიებები.
2007 წელსვე, ანზორ ქოქოლაძე დაუკავშირდა თავის ნათესავს - თენგიზ ნაგერვაძეს, რომელიც იმ დროისთვის შპს ,,ბათუმვაჭრობის" დირექტორი იყო. ანზორ ქოქოლაძე მოელაპარაკა თენგიზ ნაგერვაძეს ს/ს ,,ელიტ ელექტრონიქსის" მიერ, შპს ,,ბათუმვაჭრობის" მიზნობრივი დაფინანსებისთვის გახსნილი საკრედიტო ხაზი პირადი მიზნებისათვის გამოეყენებინათ და ინვესტირების საბაბით შპს ,,ბათუმვაჭრობაში" გადატანილი კაპიტალი ერთპიროვნულ მფლობელობაში მოექციათ.
შპს ,,ბათუმვაჭრობის" დირექტორმა თენგიზ ნაგერვაძემ 2007 წლის 01 თებერვლიდან 2008 წლის 01 აგვისტოს პერიოდით, მიზნობრივი დანიშნულების საკრედიტო ხაზი გახსნა და სესხის ფიქტიური ხელშეკრულებები გააფორმა. აღნიშნული სესხების საფუძველზე ანზორ ქოქოლაძემ საერთო ჯამში სესხის სახით 4 605 000 ლარი აიღო. აღნიშნული თანხიდან მიზნობრივად მხოლოდ 1 193 658 ლარ გაიხარჯა, ხოლო 3 411 342 ლარი ანზორ ქოქოლაძემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. მან საკუთარი მოხმარებისთვის კაპიტალი საბანკო და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებებისგან გაათავისუფლა, რითაც სააქციო საზოგადოებასა და სახელმწიფოს კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა მოუსპო.
ამასთან ანზორ ქოქოლაძე, შპს ,,ბათუმვაჭრობის" მიზნობრივი დაფინანსებისთვის გახსნილი საკრედიტო ხაზის გამოყენებით, საერთო ჯამში მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული - 10 848 547 ლარისთვის კანონიერი წარმოშობის მისაცემად, თენგიზ ნაგერვაძეს და ლევან დუმბაძეს დაუკავშირდა. საერთო გეგმის მიხედვით თენგიზ ნაგერვაძესა და ლევან დუმბაძეს ფიზიკური პირების სახელით სესხის ფიქტიური ხელშეკრულებები უნდა დაემზადებინათ. ხელშეკრულებების საშუალებით ისინი თანხის ნაწილს შპს ,,ტექნო ბუმის" აქტივებში შეიტანდნენ, ხოლო დარჩენილი ნაწილით ქონების წარმოშობის წყაროს დაფარავდნენ და მის რეალურ მფლობელს შენიღბავდნენ.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯგუფის წევრებმა 2010 წლის 25 მარტს, შპს ,,ტექნო ბუმსა" და თენგიზ ნაგერვაძეს შორის სესხის ხელშეკრულება გააფორმა. სესხის საერთო ოდენობამ 93 500 აშშ. დოლარი შეადგინა. ანალოგიური სქემით, 2010 წლის 10 აგვისტოს ,, ტექნო ბუმსა" და ლევან დუმბაძეს შორის 200 000 ლარის გაცემაზე, კვლავ სესხის ხელშეკრულება გაფორმდა. რეალურად სესხის სახით გაცემული თანხების ფაქტობრივი მფლობელი ანზორ ქოქოლაძე იყო, რითაც 293 250 აშშ დოლარის წარმოშობის წყარო და მისი რეალური მფლობელი შეინიღბა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ შპს "ტექნოსერვისს" სს "ელიტ-ელექტრონიქსის" მიმართ გააჩნდა შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებები, რომლის გაუსტუმრებლობის შემთხვევაში, მოთხოვნის დაკმაყოფილება "ელიტ-ელექტრონიქსს" შეეძლო "ტექნოსერვისის" რეალიზების საფუძველზე. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, ძმებმა ნაგერვაძეებმა დააფუძნეს შპს "რეალითი-ჯორჯია" და მის ფიქტიურ ხელმძღვანელს არჩილ ლობჟანიძეს გაამარჯვებინეს აუქციანზე, რითაც "ელიტ-ელექტრონიქსს" ხელოვნურად მოესპო შესაძლებლობა დაეკმაყოფილებინა თავისი კანონიერი ინტერესები.
ღია სასამართლო სხდომაზე არჩილ ლობჟანიძემ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ აუქციონისათვის საჭირო დოკუმენტაცია ძმებმა, თენგიზ და მალხაზ ნაგერვაძეებმა მოამზადეს, ხოლო აუქციონისათვის საჭირო თანხა დავით ნაგერვაძისაგან მიიღო, რომელიც ნათესავურ კავშირში იმყოფება ძმებ ნაგერვაძეებთან.
ბრალდებულ ანზორ ქოქოლაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულებმა მალხაზ და თენგიზ ნაგერვაძეებმა და ლევან დუმბაძემ არ აღიარეს ჩადენილი დანაშაული. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება დადატურებულ იქნა: მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, რევიზიის აქტებით, ჩხრეკის ოქმებითა და ამოღებული დოკუმენტაციით, აგრეთვე 2011 წლის 25 ნოემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი გაგზავნილი მიმართვით და საჯარო რეესტრის პასუხით - თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ლევან დუმბაძეს სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით. მალხაზ ნაგერვაძეს 6 წლისა და 6 თვის ვადით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით. ბრალდებულ თენგიზ ნაგერვაძეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, მასვე დაეკისრა ჯარიმა 30 ათასი ლარის ოდენობით. ბრალდებულ არჩილ ლობჟანიძესთან ბრალის აღიარების საფუძველზე დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით.