გუშინ, გვიან ღამით, დაახლოებით პირველის ნახევარზე, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, „ლაგუნე ვერესთან" ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანა რომელსაც „მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამარ რუხაძე მართავდა, ფეხით მოსიარულე ორ მამაკაცს დაეჯახა.
ფეხით მოსიარულეები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ერთ- ერთი მათგანი უვნებელი გადარჩა, ხოლო მეორე მამაკაცს დაზიანებები აქვს მიღებული. დაზარალებული ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ექიმები ამბობენ, დაზარალებულის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.
შემთხვევის ადგილიდან თამარ რუხაძე და მის მანქანაში მჯდომი ორი ჟურნალისტი ნარკოლოგიის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მათ ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდათ.
ნარკოლოგიურმა ტესტემა დაადგინა, რომ თამარ რუხაძე მანქანას აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. მიუხედავად ნარკოტესტის პასუხებისა, რამდენიმე მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუხაძე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„რა უნდა ვთქვა, რა კომენტარი უნდა გავაკეთო? სამწუხაროდ, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, ყველას, ვისაც რამე კითხვები აქვს, შეუძლია ნახოს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ნარკოტესტზეც და ალკოჰოლზეც აბსოლუტურად სუფთა ვარ. რა თქმა უნდა ფხიზელი ვიყავი",- განუცხადა თამარ რუხაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
რუხაძე დაკითხვაზე 12 საათზეა დაბარებული.
ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ რუხაძის მანქანაში მჯდომი „მეცხრე არხის" 2 თანამშრომელი, ნარკოლოგიურმა ტესტმა მათ მხოლოდ მსუბუქი თრობა დაუდგინა.
ადგილზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, კამერებია დამონტაჟებული. თვითმხილველების თქმით, რუხაძე მანქანას 40-50 კმ სიჩქარით მართავდა, რა დროსაც გზაზე მოულოდენლად ორი ნასავამი ადამიანი გადმოვიდა.