21 მაისს 12:00 საათზე, სს „ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის საქმეზე დაკავებულები მალხაზ ნაგერვაძის, თენგიზ ნაგერვაძის და ლევან დუმბაძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება, თბილისის საქალაქო სასამართლოში .
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზაციიდან "სოლიდარობა უკანონო პატრიმრებს" აცნობეს, წინა პროცესზე, დასკვნითი სიტყვის წინ, პროკურორმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ანზორ ქოქოლაძის სისხლის სამართლის საქმის ცალკე გამოყოფის თაობაზე . ადვოკატების არგუმენტირებული უარის მიუხედავად, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ცალკე წარმოებით გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ანზორ ქოქოლაძის მიმართ.
დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ვინაიდან ბრალდების მხარეს არ აქვს არცერთი მტკიცებულება ქოქოლაძის ბრალის მადასტურებელი , ასეთ ვითარებაში, მალხაზ და თენგიზ ნაგერვაძეების და ლევან დუმბაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მიღებული იქნება, როგორც პრეიუდიცია, მტკიცებულებად ცალკე წარმოებით წარმართული ქოქოლაძის საქმის განხილვისას. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გრძელდება 2007 წლიდან დაწყებული ბიზნესმენ ა. ქოქოლაძის მიზანმიმართული დევნა და პროკურატურის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს მხოლოდ ანზორ ქოქოლაძე და ყველა უკანონო საშუალებით ხდება მისი სამაგალითო დასჯა. მასთან ერთად ბრალდებული პირებიც დაკავებულნი არიან მხოლოდ იმის გამო, რომ არ მისცეს ანზორ ქოქოლაძის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება .
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" მიიჩნევს რომ მალხაზ ნაგერვაძის, თენგზ ნაგერვაძის და ლევან დუმბაძის დაპატიმრება ანზორ ქოქოლაძეზე ზეწოლას ემსახურება და ისინი უკანონო პატიმრები არიან, ამიტომ აგრძელებენ სასამართლო პროცესების მონიტორინგს, სასამართლო პროცესებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დააკვირდება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც" და პატიმრების უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი დაიცავს.
სასამართლო 21 მაისს დაცვის მხარის დასკვნით სიტყვებს დაეთმობა.
პროცესს განიხილავს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი.