საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულ პეტრე ოვანოვის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებით შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, რომელიც შეურაცხყოფს როგორც პენიტენციური სისტემის მოხელეებს, ასევე ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს.
უშუალოდ მსჯავრდებულ პ.ო.-ს თაობაზე (რომელიც სასჯელს იხდის ჯგუფური ყაჩაღობისთვის) გავრცელებული ინფორმაციის შესახებ უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულს არც ერთხელ არ მიუმართავს სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის. სამინისტროსათვის უმნიშვნელოვანესი იქნებოდა ზემოაღნიშნულ საკითხზე შეტყობინების მიღება თებერვალშივე, რათა დაუყოვნებლივ მომხდარიყო საკითხის გამოძიება. უცნაური არის ამის შესახებ სამინისტროს არაპირდაპირი ინფორმირება რამდენიმე თვის დაგვიანებით, მაშინ, როდესაც სამედიცინო ექსპერტიზით რამის დადასტურება უკვე არის ურთულესი და პრაქტიკულად შეუძლებელი, რაც თავისთვად გარკვეულ ეჭვებს ბადებს", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დეტალურად შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, რადგან მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვა სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტია.