საქართველოში პატიმართა რაოდენობა ერთ სულზე გათვლით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, - ნათქვამია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშში, რომელიც 2011 წელს მოიცავს.
"ევროკავშირი 2010 წლიდან ეხმარება იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის
სფეროში ორი, ერთმანეთის მიყოლებით განხორციელებული მხარდაჭერის პროგრამის საშუალებით, რომლის საერთო ბიუჯეტი 34 მილიონი ევროს აღემატება. იუსტიციის სამინისტრო ძირითად აქცენტს აკეთებს დამნაშავის გამოსწორებაზე ორიენტირებულ სამართალზე, ალტერნატიულ სასჯელსა და მედიაციაზე. მოსალოდნელია, რომ ამ გზით შემცირდება საპყრობილეებში პატიმართა რაოდენობა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ერთსულზე გათვლით", - ნათქვამია ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 15 მაისს ევროკომისიამ და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს ყოველწლიური "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კომპლექტი", რომელშიც შედის: ერთობლივი კომუნიკე ("ახალი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება" ), სადაც
მოცემულია 2011 წელს მიღებული ახალი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის
განხორციელების პირველი წლის შეფასება, ცალკე ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც
შეთავაზებულია "აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკა", ანგარიში "პარტნიორობა დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობისათვის", რომელიც შეეხება სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს (სამომავლო ქმედებების საგზაო რუკის ჩათვლით), ანგარიში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ, 12 ანგარიში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ (რეკომენდაციების ჩათვლით) და დანართი სტატისტიკური მონაცემებით.
თბილისში ანგარიშის პრეზენტაცია საქართელოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა გამართა.