ხვალ, 18 მაისს, 13:00 საათზე, ორგანიზაციის - "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" - ოფისში პატიმრის უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.
"ორგანიზაციაში შემოვიდა წერილი ერთ-ერთი საპატიმროდან, ეკა ბესელიას, საერთაშორისო ორგანიზაცია "human rights watch"-ისა და მედია საშუალებების სახელზე. წერილში შემზარავი ფაქტია მოთხრობილი პატიმრის მიერ, რომელიც წერდა, რომ იგი გააუპატიურეს კონკრეტული საპატიმროს მაღალჩინოსანმა თანამშრომლებმა, დეტალურად ჰყვება ამ უმძიმეს ფაქტს და ასახელებს კონკრეტულ პირებსაც, ვინც იღებდა მონაწილეობას. პატიმარი ითხოვს შველას და მიმართავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას ადამიანის უფლებათა დამცველებს,საერთაშორისო ორგანიზაციებს და მედიას მოხდეს შესაბამისი რეაგირება. სოლიდარობა უკანონო პატიმრების ინიციატივით მოხდა ამ ფაქტის გადამოწმება და აღნიშნული პატიმარი უკვე ინახულა ადვოკატმა. პატიმარმა დაადასტურა მომხდარი ფაქტი და მოითხოვა ინფორმაციის საჯაროობა", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხდებაში.
მათი განცხადებით, საქმის დეტალებზე გაიმართება სპეციალური ბრიფინგი ორგანიზაცია "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ოფისში, სადაც წარმოდგენილი იქნება წერილის ორიგინალი და ისაუბრებს თავად ადვოკატი.