"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს სტუმრობდნენ. გარეჯში შექმნილი ვითარების შესასწავლად ადგილზე გიორგი ახვლედიანი, ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია ჩავიდნენ. მოძრაობის ლიდერები მარტყოფისა და გარდაბნის ეპისკოპოსს მეუფე იაკობთან, ტაძრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ილარიონთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად ადმინისტრაციულ საზღვრამდე ფეხით ავიდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
თუმცა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ 10 დღის წინ დაწესებული შეზღუდვის გამო, უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე შესვლისგან თავის შეკავება ქართველმა მესაზღვრეებმა სთხოვეს.
როგორც გიორგი ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისასალმებელია მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობა, თუმცა საკითხი შეეხება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საგანია. ამიტომ ქართულმა მხარემ უმკაცრესი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს.
"ჩვენ კარგად გვესმის და ვიზიარებთ იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც კეთილმეზობლობას და მეგობრობას გულისხმობს მეზობელ ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანთან, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, რის გამოც, უმკაცრესი პრინციპულობა უნდა გამოვიჩინოთ", - განაცხადა ახველდიანმა.
მისივე განმარტებით, ქართულმა მხარემ არც ერთი ნაბიჯი უკან არ უნდა გადადგას, რადგან "ისტორულად, მორალურად და სამართლებრივად აბსოლუტურად წელში გამართულები და მართლები ვართ", - განაცხადა ახვლედიანმა.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოსული ლიტერატურის მიხედვით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ის ტერიტორია, რომელზეც ახლა დავა მიმდინარეობს, საქართველოს შემადგენლობაში სახელდებოდა.
"მაგალითად, არსებობს 1981 წელს, უცხოელი ტურისტებისთვის განკუთვნილი ლიტერატურა თანდართული რუკით, რომელშიც სადავო ზოლი საქართველოს შემადგენლობაშია მოქცეული. ასე რომ, რა განცხადებებიც უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა, ეს არის მათი პირადი მოსაზრება და არა ისტორიული ჭეშმარიტება", - განუცხადა ჟურნალიიტებს ჯაბა სამუშიამ.
მისივე განმარტებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების გამიჯვნა 1921 წლიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაიწყო.
"1921 წლიდან 1939 წლამდე საზღვრის ცვლილება ოთხჯერ მოხდა. მუდმივად ხდებოდა იმ მონაკვეთის ცვლილება, რომელიც ჯანდარის ტბასთან იწყება და თითქმის მდინარე იორამდე გრძელდება და დღეს დავის ყველაზე მწვავე საგანს წარმოადგენს. 1994 წელს უკვე დამოუკიდებელ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დადებული ხელშეკრულებით პირობითად განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციულ საზღვრად სწორედ ის საზღვარი იქნებოდა აღიარებული, რაც სოციალისტურ საქართველოსა და სოციალისტურ აზერბაიჯანს შორის საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა, თუმცა იმ პირობით, რომ შეიქმნებოდა კომისია, რომელიც სასაზღვრო ზოლის დეტალურ გამიჯვნას დაიწყებდა. კომისია დროდადრო იკრიბებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, კონკრეტული დასკვნა ჯერ კიდევ არ დადებულა", - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
"ქრისტიან-დემოკრატების" კიდევ ერთი წარმომადგენლის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, ამ საკითხზე სპეკულირება კატეგორიულად გაუმართლებელია. "დავით გარეჯი ეს არის რა თქმა უნდა საქართველოს ტერიტორია. მთელი ეს სივრცე სამონასტრო კომპლექსისა. ბუნებრივია ეს ასე იქნება მომავალშიც,თუმცა ამას სჭირდება სკულპულოზური დაპასუხისმგებლობით აღსავსე ნაბიჯები,ცხადია ეს სივრცე ჩვენს ადმინისტრაციულ და სახელმწიფო საზღვრებსი იქნება" განაცხადა გაბინიამ