საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში 14 მაისს ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილესა და ,,თავისუფალი დემოკრატების" კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ხელმზღვანელს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და კომპეტენტურ ორგანოებს სათანადო რეგირებისკენ მოუწოდებს.
,,მინდა გამოვეხმაურო, 2012 წლის 14 მაისს, ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილესა და ,,თავისუფალი დემოკრატების" კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს შორის მომხდარ ინციდენტს. როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ჩვენთვის გახდა ცნობილი, 2012 წლის 14 მაისს, ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე ბესო გაზდელიანი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ერთ-ერთ უბანში სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდა. მედიით ავრცელებული ვიდეომასალიდან თვალნათლივ ჩანს, რომ გამგებლის მოადგილეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან, რასაც ამ უკანასკნელის ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა", _ ნათქვამია გიორგი ტუღუშის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ყველა საჯარო მოხელის მოვალეობაა საჯარო კრიტიკას მოთმენით შეხვდეს.
,,თითოეულ საჯარო მოსამსახურეს მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ განსხვავებით რიგითი მოქალაქეებისაგან, მას საჯარო კრიტიკის გამო თმენის ვალდებულება გააჩნია, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს იმ დროს, როდესაც იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებს", _ აცხადებს სახალხო დამცველი გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელემ თავი უნდა შეიკავოს არაადეკვატური ქმედებებისგან.
,,საჯარო მოხელე მაქსიმალურად უნდა შეეცადოს თავი შეიკავოს შეუფერებელი ქცევისგან, მით უფრო მიუღებელია ცალკეული მოქალაქეების ფიზიკური შეურაცხყოფა, ან კონფლიქტის პროვოცირება, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი", _ აცხადებს გიორგი ტუღუში.
სახალხო დამცველი მომხდარი სამართალდარღვევის ფაქტთნ დაკავშირებით სათანადო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
,,მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, სათანადო რეაგირება მოჰყვეს ბესო გაზდელიანის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევას, ხოლო მეორე მხრივ მივმართავ ყველა საჯარო მოხელეს, დაიცვან პროფესიული სტანდარტი და იმოქმედონ მათი სტატუსის შესაფერისად", _ აცხადებს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.
შეგახსენებთ, 14 მაისს ,,თავისუფალი დემოკრატების" კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ტატო გალდავასა და ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილეს ბესიკ გაზდელიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.