ევროკავშირი ურჩევს საქართველოს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის გადახედოს, - ნათქვამია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშში, რომელიც 2011 წელს მოიცავს. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ სეპარატისტულ რეგიონებში კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ,,ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის სამოქმედო გეგმის" განხორციელების მიმართულებით, თუმცა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის გამოყენება კითვხვის ქვეშ აყენებს ჩართულობის პოლიტიკის ეფექტურობას.
ევროკავშირის რეკომენდაციას აძლევს საქართველოს უფრო ინტენსიური გახადოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ ჩართულობისა და შერიგების/კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა დე-ფაქტო ხელისუფლებასთან პრაგმატული თანამშრომლობისა და ჩართულობისთვის ფინანსური რესურსების გამოყოფის გზით;
"გადადგას პრაგმატული და კონსტრუქციული ნაბიჯები ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის, გადაადგილების და ინვესტიციების წახალისების მიმართულებით; გადახედოს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონს; ,,ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის" შემოღება მისასალმებელი ნაბიჯია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა იზოლაციიდან გამოყვანის გზაზე, თუმცა, სანამ დოკუმენტი ამ რეგიონების მაცხოვრებელთა უფრო ფართო ფენის მიერ არ იქნება მისაღები, ის მგზავრობის ერთადერთი შესაძლებლობა არ უნდა იყოს. სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის ჯანდაცვის და სხვა სოციალური მომსახურების შეთავაზება შერიგებისკენ გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯია - საჭიროა მისი გაფართოება ისეთი წინაპირობების გარეშე, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მიღების ვალდებულება", - ნათქვამია ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 15 მაისს ევროკომისიამ და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს ყოველწლიური "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კომპლექტი", რომელშიც შედის: ერთობლივი კომუნიკე ("ახალი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება" ), სადაც
მოცემულია 2011 წელს მიღებული ახალი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის
განხორციელების პირველი წლის შეფასება, ცალკე ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც
შეთავაზებულია "აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკა", ანგარიში "პარტნიორობა დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობისათვის", რომელიც შეეხება სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს (სამომავლო ქმედებების საგზაო რუკის ჩათვლით), ანგარიში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ, 12 ანგარიში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ (რეკომენდაციების ჩათვლით) და დანართი სტატისტიკური მონაცემებით.
თბილისში ანგარიშის პრეზენტაცია საქართელოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა გამართა.