თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ამჟამად ძებნაში მყოფი ბრალდებულის ნიაზ გუსეინოვის მიმართ. მას ბრალად ედებოდა: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და დიდი ოდენობით; ასევე -ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება.
სასამართლომ ძებნაში მყოფი ნიაზ გუსეინოვი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას სასჯელის სახედ და ზომად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით 13 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქმის მასალების მიხედვით. 2003 წლის თებერვლის თვეში გაზეთ "ახალი აზროვნების" მთავარ რედაქტორს ნიაზ გუსეინოვს აშშ ვიზის მიღებაში დახმარების თხოვნით დაუკავშირდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელი ც.ქ. ნიაზ გუსეინოვმა თანამზრახველებთან აწ გარდაცვლილ ნათელა მ.-სთან და ძმასთან, გაზეთის ფოტოკორესპონდენტ გაჯარ გუსეინოვთან ერთად ც.ქ-ს კუთვნილი დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება განიზრახა, იგი ც.ქ.-ს აღნიშნული გაზეთის კორესპონდენტად ძველი რიცხვით გაფორმებას და ამ გზით აშშ-ში სამივლინებო ვიზის მიღებას დაპირდა, რის სანაცვლოდ ამ უკანასკნელს 12 000 აშშ დოლარის გაზეთის ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა. ბრალდებულმა დაარწმუნა ც.ქ, რომ გაზეთში რამოდენიმე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, სარეკომენდაციო წერილით მიმართავდნენ აშშ-ს კონსულს საქართველოში ვიზის გასაცემად, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის გაზეთის კორესპონდენტად მუშაობის დამადასტურებელი პრეს-კარტა გადასცა. ნიაზ გუსეინოვმა თანამზრახველებთან ერთად, დაზარალებულს მოტყუებით ჯერ 3 000 აშშ დოლარი გამოართვა, ხოლო შემდეგ პასპორტში ყალბი ვიზის ჩაკვრის გზით დაარწმუნა თითქოს მასზე უკვე გაცემული იყო აშშ-ის ვიზა, რის სანაცვლოდაც დამნაშავეთა ჯგუფი თაღლითურად დაეუფლა ც. ქ.-ს კუთვნილ 7500 აშშ დოლარს. დაპირებისამებრ, ც.ქ. -ს აშშ-ში გამგზავრება ქ. ბაქოს აეროპორტიდან აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან ერთად უნდა მომხდარიყო. ც. ქ მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა რომ მოატყუეს, რაც ქ. ბაქოში რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჯარ გუსეინოვმა მიატოვა და მიიმალა. ნიაზ გუსეინოვმა პირთა ჯგუფთან ერთად ეტაპობრივად საერთო ჯამში მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ც.ქ.-ს კუთვნილი 12 000 აშშ დოლარი, რომელიც მიუხედავად დაზარალებულის არაერთი მოთხოვნისა უკან არ დაუბრუნებია.
2003 წლის მარტში ნიაზ გუსეინოვმა ნათელა მ.-სთან წინასწარი შეთანხმებით კვლავ განიზრახა თაღლითური გზით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება. ამჯერად, ვითომდა კანადაში გამგზავრების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, ცოლ-ქმარს მაია ღ.-ს და დავით მ.-ს ჯერ 3 000 აშშ დოლარი, ხოლო შემდგომ 2500 აშშ დოლარი გამოართვა. ამ გზით ნიაზ გუსეინოვი და ნათელა მ. მოტყუებით დაეუფლნენ მაია ღ.-ს და დავით მ.-ს კუთვნილ 5500 აშშ დოლარს.
2003 წლის მარტის თვეშივე ნიაზ გუსეინოვმა და ნათელა გ.-მ, გაზეთ "სიტყვა და საქმეში" გამოაქვეყნეს განცხადება ტურისტული მომსახურების შესახებ, თუმცა ე.წ "პარტნიორებს" იურიდიულად არ შეუქმნიათ რაიმე სამეწარმეო სუბიექტი. განცხადების საფუძველზე საბერძნეთის ვიზის მისაღებად მათ ხათუნა ქ. და დავით. პ. დაუკავშირდნენ. აღნიშნული პირებისაგან თანამზრახველებმა 1500 დოლარი თაღლითურად მიისაკუთრეს.
ანალოგიური სქემით, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვევების და სხვადასხვა პირებზე ტურისტული ვიზების გასაცემად, თაღლითურმა ჯგუფმა 2003 წლის გაზაფხულზე თინა მ.-ს 1950 აშშ დოლარის, ხოლო ამავე წლის დეკემბრის თვეში ნინო ჭ.-ს 3 000 აშშ დოლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.
სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითად განხილვისას ნიაზ გუსეინოვის ბრალეულობა დადასტურებულ იქნა: დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, თავად ნათელა მ.-ს წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით, დაპირისპირების ოქმებით, საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან მიღებული ცნობით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, სასამართლო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.