საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ფრაქციის გრძნობები ჟურნალისტებმა უნდა მოიძიონ.
როგორც მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ორჯერ თქვა და მესამედ როდესაც უფლება მიენიჭა ორმაგი მოქალაქეობა მიეღო.
„ალბათ ჟურნალისტებმა უნდა გამოარკვიონ რატომ გააკეთა ეს, დამცირებად ეჩვენებოდა შესაბამისი დოკუმენტაციის შევსება, ეთაკილებოდა, თუ სინამდვილეში მოქალაქეობის მიღება არ უნდოდა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყო. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ბიძინა ივანიშვილს კანონიერად, ლეგიტიმურად, უფლება ენიჭება საარჩევნო პროცესის ნაწილი იყოს, რაიმე ამაში ცუდი არის? მე მგონი არა", -აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტის ორი ოპოზიციური ფრაქცია - „ქრისტიან-დემოკრატები" და ივანიშვილის მხარდამჭერი "ერთობა სამართლიანობისთვის" ერთმანეთსაც და „ნაციონალური მოძრაობასაც,, უპირისპირდებიან, თუმცა ,,ქრისტიან-დემოკრატებთან,, უმრავლესობა დავას არ აპირებს. რაც შეეხება ,,ერთობა სამართლიანობისთვის,, ცისკარიშვილისთვის გაურკვეველია რა დავალება აქვთ მათ ივანიშვილისგან.
მისი მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ბოლო ეტაპზე მიესალმა კონსტიტუციაში ცვლილებებს და თქვა, რომ ამ ცვლილებებით ისარგებლებს, ხოლო „ერთობა სამართლიანობისთვის" ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგება.
„რაღაც განსაკუთრებული დავალება აქვთ, რომელიც ვერც თვითონ აუხსნიათ. ჟურნალისტებისა და პოლიტოლოგების მოსაძიებელია საიდან მოდის ეს განწყობები ამ ფრაქციაში", -დასძინა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისათვის,, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.