ელექტრონული თაღლითობის საქმეები გახსნილია. სამართალდამცავებმა მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში საკრედიტო ბარათებიდან თანხებს იპარავდნენ.
"ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულია ილია გოდერძიშვილი ბენზინ გასამართი სადგურის ოპერატორი ლევან ფირანიშვილი და რესტორნის მიმტანი ომარ მახათაძე", _ ნათქვამია საქართველოს შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ დაზარალებულმა ბენზინგასამართ სადგურზე ავტომანქანაში საწვავის ჩასხმის შემდეგ ანგარიშსწორება ოპერატორთან მოახდინა საკუთარი პლასტიკური ბარათით, რა დროსაც ოპერატორმა ლევან ფირანიშვილმა დაიმახსოვრა პლასტიკური ბარათის მონაცემები, ფლობელის სახელი და გვარი, რის შემდეგ ინტერნეტ-კაფედან შევიდა ტოტალიზატორ ,,ADJARABET" გახსნილ მისივე გვერდზე, რომელიც დარეგისტრირებული ჰქონდა არ არსებულ პიროვნებაზე და აღნიშნული ბარათიდან მიღებული ინფორმაციით გადარიცხა თანხა, რომელიც შემდგომში ილია გოდერძიშვილმა და ლევან ფირანიშვილმა გამოიტანეს ,,ADJARABET" სალაროდან.
"ანალოგიური ფაქტი, ასევე დაფიქსირდა ქ. თბილისის ერთერთ რესტორანში, როდესაც მოქალაქეს ანგარიშსწორების დროს, მიმტანმა ომარ მახათაძემ ანალოგიური ხერხით მიითვისა სტუმრის ბარათზე არსებული თანხა", _ ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მე-II ნაწილით. დაკავებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს.