საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები აზერბაიჯანში გამართული წლის პირველი ტურნირიდან 4 მედლით დაბრუნდა. ბაქოს "აბუ არენამ" მუშვან ისაევის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს გარდა, აზერბაიჯანის, საფრანგეთის, ირანის, უზბეკეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და რუსეთის ჭაბუკთა ნაკრებმა მიიღეს.
სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გორელმა ბექა ბუჯიაშვილმა 46 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ბათუმელმა ირაკლი მოსიძემ (63 კგ), თბილისელმა ლაშა გიგაშვილმა (69 კგ) და ხონელმა გიორგი კაკაურიძემ (100 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.