შსს სასაზღვრო პოლიციის N 1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე სონა ჰასიმურადოვა დააკავა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამმართლის საქმე, საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილით. გამოძიებას საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილება აწარმოებს.
13 მაისს, ბრალდებულ სონა ჰასიმურადოვას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.