საქალაქო სასამართლომ #53-ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის საქმეზე დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"2012 წლის 11 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სარჩელზე უარის თქმის მოტივით, შეწყვიტა საქმის წარმოება თბილისის N53 საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მოსარჩელე მიხეილ ალექსიძემ და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ლალი ლეკიშვილმა უარი განაცხადეს სასამართლოში დავის გაგრძელებაზე, მოპასუხეების, აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილის სახელობის ქ. თბილისის N53 საჯარო სკოლის, ამავე სკოლის დისციპლინური კომიტეტისა და სამეურვეო საბჭოს მიმართ.
საქმის მასალების მიხედვით, მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა N53 საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება და სკოლის დირექტორის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ამავე სკოლის მოსწავლის მ. ალექსიძის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი -"მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა".
სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას, მოსარჩელემ მთავარ სხდომაზე უარი განაცხადა სარჩელზე, შესაბამისად საქმის წარმოება შეწყდა სასამართლოს მიერ არსებითი გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე. სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის ჩაბარების მომენტიდან 12 დღის ვადაში".