პოლიციამ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა დააკავა. 25 და 23 წლის დამნაშავეები დედაქალაქში მაღაზიებსა და ტაქსის მძღოლებს ძარცვავდნენ. ორივე დამნაშავე დანაშაულს აღიარებს.
"2012 წლის 5 მაისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1987 წ.დ თეიმურაზ ბააცაშვილი და ასევე წარსულში ნასამართლევი, 1989 წ.დ თეონა ყოლბაია", _ ნათქვამია საქართველოს შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ირკვევა, ორივე ეჭვმიტანილი შარშან ზაფხულში ბათუმში ველოსიპედების ქურდობისათვის დააკავეს და ამიტომაც ისინი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციითვე, ბრალდებული თეონა ყოლბაია და თეიმურაზ ბააცაშვილი, სათამაშო იარაღით შეიარაღებულები აყაჩაღებდნენ კერძო ტაქსის მფლობელებს. წინსაწარ შერჩეულ ადგილას აჩერებდნენ ტაქსს რის შემდეგაც მიყავდათ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და სათამაშო იარაღის მუქარით ართმევდნენ ფულად თანხას, მობილურ ტელეფონს და ავტომანქანას, ხოლო მძღოლს ტოვებდნენ შემთხვევის ადგილზე. ასევე გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ მათ მიერ ასევე დაყაჩაღებულია დ. უზნაძის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზია, საიდანაც გაიტაცეს 250 ლარი.
ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ბ და გ პუნქტებით. გამოძიებას აწარმოებს შსს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველო. მათ 6 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მასალის გამოყენების პირობები