დღეს, 21 იანვარს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართება ფოტოგამოფენა "სადღესასწაულო მომენტები". გამოფენაზე წარმოდგენილია ახალი თაობის ეთნოგრაფების ნამუშევრები და კვლევები თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით. გამოფენის ამოსავალ წერტილად იქცა თბილისობის _ დედაქალაქის ყოველწლიური დღესასწაულის _ დოკუმენტაცია. შეიქმნა 2000-მდე დოკუმენტური ფოტო თბილისობის 3-დღიანი დღესასწაულის დროს. მონაწილეთა მთავარი ამოცანა, როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე დამთვალიერებლებისთვის, თბილისობის მნიშვნელობის დოკუმენტურად დაფიქსირება იყო.
ეს გამოფენა წარმოადგენს "მშობლიური ანთროპოლოგიის" ერთგვარ ნიმუშს, სადაც თითოეული ძირძველი მოსახლე ობიექტივში აფიქსირებს საკუთარ თავს. ფოტომასალა წარმოგვიდგენს რეალურ დროში არსებულ თბილისს, როგორც თავისი კლასიკური ფორმით, სოფლებისა და დედაქალაქის ურთიერთობით, ასევე თბილისის მულტიკულტურულობით.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 8 ფოტოესე და ინსტალაცია. თითოეული ნამუშევარი ეფუძნება ძირითად სურათს, რომლის გარშემოც თავმოყრილია ერთი კონკრეტული თემით გაერთიანებული დამატებითი ფოტოები და მასალა.
თითოეული ესეს ავტორმა დაწერა 150-სიტყვიანი ტექსტი, რომელიც თან ერთვის მათ მიერ შერჩეულ ფოტონაკრებს. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში ავტორები შეეცადნენ, გადმოეცათ ის მნიშვნელოვანი მომენტები, რაც ხდება ქართულ საზოგადოებაში.