ლიტვის საზღვრის დაცვის სამსახურმა რვა ქართველი არალეგალი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ლიტვური მედია ავრცელებს.
პირველი ხუთი არალეგალის დაკავება ვილნიუსის რაიონში ბელორუსის საზღვართან მოხდა. "ხუთი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში ხუთივე საქართველოს მოქალაქე იყო. მათ აღმოჩნდათ საქართველოს მოქალაქეების პასპორტები. მათი ასაკი 28 დან 39 წლამდეა. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილნი", _ იუწყება ლიტვური მედია.
მათივე ინფორმაციით, კიდევ ორი საქართველოს მოქალაქე ლიტვისა და პოლონეთის საზღვარზე დააკავეს. ისინი 24 და 25 წლის არიან. "მათ ორივეს ჰქონდა ქართული პასპორტები შენგენის ვიზის გარეშე", _ იუწყება მედია.
ერთი საქართველოს მოქალაქე კი პორტში დააკავეს, იგი შვედეთში მიდიოდა. აღმოჩნდა, რომ მას დოკუმენტები არ ჰქონდა. "მან თავი საქართველოს მოქალაქედ წარმოადგინა და განაცხადა, რომ 44 წლის არის. მან ვერ შეძლო მესაზღვრეებისათვის პასუხის გაცემა, თუ როგორ მოხვდა ლიტვაში", _ წერს მედია.
სულ ლიტვის საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს დაკავებულია 172 არალეგალი, მათი ძირითადი ნაწილი ბელორუსთან საზღვარზეა დაკავებული, ხოლო დაკავებულთა უმრავლესობა 91 ადამიანი - საქართველოს მოქალაქეები არიან.