საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარებისთვის 21 წელს მიღწეული პირები 300 ლარით დაჯარიმდებიან. ამის შესახებ ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.
კანონპროექტის თანახმად, ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 21 წელს მიღწეული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებაზე დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით 300, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით.
როგორც კანონპროექტის ინიციატორი გიგი წერეთელი ჟურნალისტებთან განმარტავს, ეს ჯერჯერობით საკანონმდებლო ინიციატივაა და, შესაძლოა, სანქციები კიდევ გადაიხედოს.
"სისხლის სამართლის კანონმდებლობით ცივი იარაღის ტარების წესს მხოლოდ 21 წელს მიღწეული პირებისათვის ვარეგულირებთ. იმის მიუხედავად, რომ კრიმინალური სიტუაცია კარგია საქართველოში, ძალიან ხშირია ახალგაზრდებში ერთამენთის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტები. გვინდა, რომ ამ საკითხის რეგულირება ადმინისტრაციული წესით მოხდეს, რაც გულისხმობს საკმაოდ მაღალი სანქციების, ჯარიმების დაწესებას, თუკი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ექნებათ დანა, მიუხედავად ასაკისა. მნიშვნელობა არ აქვს, რა ასაკის ადამიანს ექნება ჯიბეში დანა და ჩაიდენს დანაშაულს. ცივი იარაღი, დანა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არავის უნდა ჰქონდეს ჯიბეში", - დასძინა დეპუტატმა.