საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საკონსტიტუციო ცვლილებებს, სახელმწიფო სუვერენიტეტის საფრთხედ მიიჩნევს.
ამის შესახებ საიას წარმომადგენელმა თათული თოდუამ დღეს საყოველთაო-სახალხო განხილვის საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე, საკონსტუტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობას ეხება.
მისი თქმით, საკონსტიტუციური ცვლილებები ერთჯერადი პოლიტიკური მოვლენის გამოძახილია და მიზნად ისახავს, რომ საფრანგეთის მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
საიას განმარტებით, საზოგადოებრივი ხელშეკრულება ავალდებულებს სახელმწიფოს იმოქმედოს ექსკლუზიურად საკუთარი მოქალაქეების პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად.
,,წარმოადგენენ რა პირველადი სუვერენიტეტის წყაროს, ქვეყნის მოქალაქეებს გააჩნბიათ მონოპილია პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაზე. სახელმწიფოს, როგორც ნაწარმოები სუვერენიტეტის მატარებელ სუბუექტს, უფლება არ აქვს გააფართოვოს საზოგადოებრივი ხელშეკრულებით მასთან დაკავშირებულ პირთა წრე, პასიური საარჩევნო უფლება მიანიჭოს უცხოელებს და ამით დაარღვიოს პირველადი სუვერენიტეტით მოქალაქეებისთვის დადგენილი პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის მონოპოლია. სხვაგვარად სერიოზული საფრთხე დაემუქრება საქართველოს სახელმწიფოს საშინაო სუვერენიტეტს, ვინაიდან, მოქალაქეების გარდა, სახელმწიფო პოლიტიკური თვალსაზრისით, ანგარიშვალდებული ხდება, უცხოელის მიმართ და პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხები სცილდება საქართველოს მოქალაქეთა მონოპოლიური უფლებამისილების ფარგლებს. საშინაო სუვერენიტეტი კი სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოსა და მისი მარწმუნებელი მოქალაქეთა კლასის უზენაესობა შიდა პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილების მიღებისას,, - მიიჩნევენ საიაში.
საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს ეძლევათ, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და აქ 10 წელი მაინც უცხოვრიათ.