საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში რიგი შეხვედრა გამართა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნს შეხვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობებს შეეხო, რის კონტექტშიც ბერნსმა ხაზი გაუსვა ამერიკის დაინტერესებას საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორისადმი მხარდაჭერის აუცილებლობაში.
საუბარი შეეხო საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. დავით ბაქრაძემ უილიამ ბერნსს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის თაობაზე. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან.
გარდა ამისა, დავით ბაქრაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელობას შეხვდა, რომელთანაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა.
აღნიშნულის გარდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ატლანტიკის საბჭოშიც გამართა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და უსაფრთხოების საკითხებს შეეხო ატლანტიკის საბჭოს პრეზიდენტთან, ფრედერიკ კემპბესთან და საბჭოს ხელმძღვანელობასთან დავით ბაქრაძემ საქართველოში რეფორმების მიმდინარეობაზე და ნატოში ინტეგრაციის პროცესზეც ისაუბრა. მხარეებს შორის შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ არსებული რისკის აღმოფხვრისთვის მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების მხარდაჭერა.
"რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში რისკისგან საუკეთესო თავდაცვა საქართველოსთვის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების გაგრძელებაა", -აღნიშნა ფრედერიკ კემპბემ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.