თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულ კარლო ბარდაველიძის მიმართ.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისში, 2009 წლის 26 ივნისს აბაშიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, პასუხისგებაში მიცემულ იქნა ეკატერინე გ.-ს ვაჟი ნიკოლოზ ჩ., რომელსაც აღკვეთი ღონისძიების სახით - პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულმა, რომელიც ეკატერინე ჩ.-ს ახლო მეგობარი იყო, ისარგებლა ამ უკანასკნელის ნდობით და თაღლითური გზით, მატერიალური სარგებლის მიღება განიზრახა. ბარდაველიძე ეკატერინე გ.-ს, ვაჟისათვის არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებას დაპირდა, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებთან ნაცნობობისა და მათთვის ქრთამის სახით 40 ათასი აშშ დოლარის გადაცემის სანაცვლოდ. ამავე წლის ზაფხულში, ბრალდებულმა ეკატერინე გ.-ს საპროცესო შეთანხმებისთვის 20 ათასი აშშ დოლარი გამოართვა და შეუთანხმდა, რომ დარჩენილ ფულად თანხას შვილის გათავისუფლების შემდეგ გამოართმევდა.
2009 წლის აგვისტოს თვეში კარლო ბარდაველიძის მხრიდან დახმარების გაწევის გარეშე, ნიკოლოზ ჩ.-სა და ბრალდების მხარეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი ერთი წლის ვადით და ჯარიმა 2 ათასი ლარი. ნიკოლოზ ჩ.-სათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და შეფარდებული მსუბუქი სასჯელის გამო, რასთანაც რეალურად ბრალდებულ კ.ბარდაველიძეს შეხება არ ჰქონია და საფუძვლად არ ედო არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ისარგებლა ამ გარემოებით და კვლავ დაუკავშირდა ეკატერინე გ.-ს. და დაარწმუნა, რომ მისი შვილისთვის შეფარდებული მსუბუქი სასჯელი მიღწეულ იქნა მისი უშუალო დახმარებით. მანვე ეკატერინე გ.-ს შეახსენა, რომ დარჩენილი თანხის არ გადახდის შემთხვევაში მის შვილს კვლავ დაპატიმრება ემუქრებოდა. თაღლითური განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა ეკატერინე გ.-ს დარჩელილი 20 ათასი აშშ დოლარი გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა კარლო ბარდაველიძემ სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული. გარდა აღიარებითი ჩვენებისა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულ იქნა დაზარალებულის და მოწმის ჩვენებებით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ამსახველი მასალებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების თანახმად, კარლო ბარდაველიძეს სასჯელის სახედ და ზომად 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 15 ათასი ლარის ოდენობით.