დღეს, საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა მეტროსადგურ „ვარკეთილში" აქცია გამართეს და მოქალაქეებს საჯარო რეესტრისა და გაზეთ „24 საათის" ერთობლივი სერვისი გააცნეს. აქციის ფარგლებში დარიგდა საინფორმაციო ხასიათის ფლაერები, სადაც დეტალურადაა აღწერილი თუ როგორ შეიძლება უფასოდ განათავსოს მოქალაქემ განცხადება გაზეთში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, გაქირავების ან დაგირავების შესახებ.
აქციები თბილისის მეტროსადგურებში , საჯარო რეესტრისა და გაზეთ „24 საათის" ერთობლივი პროექტის საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ორიგინალურობით და სისტემატური ხასიათით პროექტის წარმატებას განაპირობებს.
საჯარო რეესტრმა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, გაქირავების, აუქციონების შესახებ გაზეთის გამოცემა 8 თვის წინ დაიწყო და ის მომხმარებლებში უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. საკუთარი განცხადების განსათავსებლად საჯარო რეესტრს ყოველდღიურად ასობით მოქალაქე უკავშირდება. შესაბამისად, ყველაზე მეტი ახალი განცხადება სწორედ ამ გაზეთში იყრის თავს. გაზეთი მოიცავს საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელს და მისი ფასი მხოლოდ 20 თეთრია.
მოქალაქეებს გაზეთში ინფორმაციის განსათავსებლად შეუძლიათ აირჩიონ მათთვის ყველაზე მოსახერხებელი მომსახურება: დარეკონ ტელ: 29 111 29 ან საინფორმაციო ცენტრ 09-ში და ოპერატორს უკარნახონ განცხადების შინაარსი. ან შეავსონ განცხადება საჯარო რეესტრის ოფისში, ან საქართველოს ფოსტის პრესის გამავრცელებელ ნებისმიერ ჯიხურში და აქვე მოათავსე ნარინჯისფერ ყუთში.
განცხადება მიწოდებიდან 3 დღეში , გაზეთის 4 ნომერში ზედიზედ განთავსდება.