კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ბრალდებული უკრაინის შს სამინისტროს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ალექსანდრე პუკაჩის სასამართლო პროცესი განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სასამართლო დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს 13-დან მეორე მოწმის დაკითხვა უნდა განხორციელდეს. დაზარალებულების ადვოკატი აცხადებს, რომ ეს მოწმე წარსულში სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელია.
პუკაჩი 2009 წლის ივლისში დაპატიმრეს. გამოძიების მსვლელობისას მან თავად აღიარა, რომ თვითონ, თავისი ხელებით მოახრჩო ჟურნალისტი.
2008 წელს პუკაჩის სამი ხელქვეითი გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ბრალდებულებად აღიარეს და მათ სხვა და სხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ გიორგო ღონღაძის მკვლელობაში ასევე ეჭვმიტანილი იყო უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, თუმცა სასამართლომ, რამდენიმე ხნის წინ კუჩმას ბრალდება მიუხსნა და განაცხადა, რომ თავის დროზეც კი კუჩმას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე 2000 წლის 16 სექტემბერს გაუჩინარდა. იმავე წლის ნოემბერში მისი უთავო ცხედარი კიევის ოლქში მდებარე ერთ-ერთ ტყეში იპოვეს.