საქართველოში ვიზიტორებს რაოდენობა იზრდება. შს სამინისტრო საქართველოს საზღვარზე გადმოსულთა მონაცემებს აქვეყნებს. ამ მონაცემების თანახმად, წელს აპრილში 61 %-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდრე შარშან აპრილში.
შს სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან შემოვიდა.
"მნიშვნელოვანი მატება იყო ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდანაც, საიდან ჩამოსული სტუმრების რაოდენობამაც უკრაინისა და ირანის მაჩვენებლებსაც გადააჭარბა. უნდა აღინიშნოს განსაკუთრებული დაინტერესება მოლდოვისა და ავსტრიის მოქალაქეების მხრიდან, რომელთაგანაც შესაბამისად 73% და 83%-იანი მატება აღინიშნა", _ ნათქვამია განცხადებაში.
მათივე მონაცემებით, წინა თვის სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წლის პირველი მარტიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის მიმოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ, საქართველოში მარტის თვეში ამ ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორთა როდენობა საგრძნობლად გაიზარდა - ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გასამმაგდა კიდეც.
"იგივე ტენდენცია შენარჩუნდა და უფრო გამოკვეთილიც კი გახდა აპრილის თვეში, რომელშიც წინა ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით ჯამურმა მატებამ 98% შეადგინა, ხოლო უშუალოდ ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით რუსეთის ფედერაციიდან ვიზიტორთა ნაკადი კი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა.
თუ უშუალოდ სავიზო რეჟიმის გაუქმების თარიღიდან ავითვლით, ვიზების გაუქმების ეფექტიანობის ინდექსი რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობის კუმულაციურ 80%-იან ზრდაში გამოისახება", _ ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
საინტერესოა, რომ 2011 წელს საქართველო 2 822 363 პირმა მოინახულა. რაც შეეხება 2012 წლის პირველ 4 თვეს, ქვეყანას უკვე 978 521 პირი ეწვია, ხოლო მიმდინარე წლის უშუალოდ აპრილის თვე კი 301 243, რაც 2011 წლის იგივე საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს უპრეცედენტოდ მაღალი 61 პროცენტით აღემატება.