აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2010 წლის მთლიანი ბიუჯეტი 2 მილიონ 638 ათას ლარს შეადგენს. გასულ წელთან შედარებით იგი 346 000 ლარითაა შემცირებული. აქედან მიზნობრივი პროგრამებისათვის მილიონ 70 ათასი ლარია გათვალისწინებული. სოფლის მეურნეობის სამინისტრო 6 მიზნობრივი პროგრამის განხორცილებას გეგმავს.
წელს წყლისა და სასურსათო პროდუქციის ლაბორატორიულ კვლევასთან დაკავშირებული პროგრამები გაერთიანდა.
მიზნობრივი პროგრამების ნაწილის განხორციელებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, ნაწილზე კი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ცალკეულ პროგრამებს დონორი ორგანიზაციებიც განახორციელებენ.
წელს ციტრუსის მოსავლის აღების ხელშეწყობის ღონისძიებისთვის 452 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული, რომელიც ამჟამად ნაშთის სახითაა და იგი ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შემდეგ დაფიქსირდება.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ემზარ ძირკვაძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული თანხა არასტანდარტული ციტრუსის რეალიზაციისთვის იყო გათვალისწინებული, წელს კი ის დამხარისხებელი და შემფუთავი პუნქტების ე. წ. პავილიონების სტიმულირებას მოხმარდება.
რაც შეეხება ციტრუსის მოსავალს, წელს აჭარაში მისმა რაოდენობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით 105 ათასი ტონა შეადგინა, აქედან 95 ათასი ტონა 10 ქვეყანაში გავიდა.