"სვანეთი არც ისე შორსაა, როგორც გვგონია. თბილისიდან ზუგდიდამდე ჩასვლას ახალი ავტობანით 2 საათი და 20 წუთი დასჭირდება, ზუგდიდიდან მესტიამდე - 2 საათი, ხოლო ჭუბერამდე - 1 საათი", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მესტია ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია ევროპაში და მას ტურისტისთვის ბევრი სერვისის შეთავაზება შეუძლია. მისი თქმით, მიმდინარე წელს მთავრობის ამოცანაა მესტიაში ძველი საბაგიროს აღდგენა, ახალი საბაგიროს აშენება, ოლიმპიური ზომის ღია საციგურაო მოედნის მოწყობა და უშბის პლატოს კარგად შესწავლა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარების შედეგად, უახლოეს ხუთ წელიწადში ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გახუთმაგდება.
"მესტიაში არის ის, რაც არის ძალიან ცოტა ადგილებში ევროპაში, ეს არის საზაფხულო-სათხილამურო ტრასა - უშბის პლატო, რომელიც ოლიმპიური ზომისაა. ამ ზომის ოლიმპიური ტრასა ერთადერთია ევროპაში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პარალელურად ვითარდება ანაკლიის კურორტი, რომელიც მესტიიდან 1,5-2 საათის სავალზეა და მესტიაში ჩასულ ტურისტს ზღვაზე ჩავლის საშუალებაც ექნება.
პრეზიდენტის განცხადებით, გუდაური არ არის საზაფხულო კურორტი, რადგან ის ალპურ ზონას მიეკუთვნება, მესტიაში კი საუკეთესო ჰავაა. მისი თქმით, მესტიაში დიდი კულტურული პოტენციალია (X-XI საუკუნის 100-ზე მეტი კოშკია) და დამსვენებლებისთვის ამ მხრივაც საინტერესო იქნება.
პრეზიდენტი სამთო-სათხილამურო კურორტებზე კვების პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ზამთრის არც ერთ კურორტზე ეს საკითხი სათანადოდ არ არის განვითარებული, ხოლო მესტია, მისი თქმით, ამ მხრივაც ძალზე პერსპექტიულია.
ასევე პერსპექტიულ კურორტად მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილი ჭუბერსაც, რადგან, მისი განცხადებით, ჭუბერი მონაცემებით _ მზიანი დღეებისა და თოვლის რაოდენობით, სასრიალო ადგილების მოცულობით _ გუდაურსაც სჯობს.