დღეს, 1-ელ მაისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი დამფუძნებლის ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის და მისი ოჯახის წევრების მალხაზ ნაგერვაძის, თენგიზ ნაგერვაძის და ლევან დუმბაძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესზე პროკურორმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას. საქმეს განიხილავს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი.
ქოქოლაძე და მისი ოჯახის წევრები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. სასამართლო პროცესზე "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" იურისტების და "ახალგაზრდა იურისტების" მიერ სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, სრული მონიტორინგი ხორციელდება.
ქოქლაძე 2010 წლის 3 აგვისტოს დააპატიმრეს. განაჩენი გამოტანილი იქნა 2011 წლის 21 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. ახალი ბრალი მას და მისი ოჯახის წევრებს წარედგინა 2011 წლის 13 დეკემბერს, შესაბამისად, ახალი, დამატებითი ბრალდებით ქოქოლაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება.