თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სამოქალაქო საქმის განხილვა დავით ძოწენიძის სარჩელის გამო, მოპასუხე შპს "აკას" მიმართ. მხარეებს შორის დავის საგანს მოსარჩელისთვის საწარმოს - შპს "აკას" მოგებიდან და მისი პარტნიორებიდან კუთვნილი დივიდენდების მიღება, ასევე პარტნიორთა უკანონო მფლობელობიდან, გადაცემული დივიდენდების გამოთხოვასა და მოსარჩელისთვის გადაცემას წარმოადგენდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.
მათი განცხადებით, საქმე ეხება შპს "აკაში" ერთ-ერთი პარტნიორის დავით ძოწენიძის დარღვეულ უფლებას, კერძოდ კი, საწარმოში კუთვნილი წილის აღდგენას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბერის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე საწარმოს პარტნიორი და 20%-იანი წილის მფლობელია მისი დაფუძნების დღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამჯერად მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით, 2004 წლიდან დღემდე, საწარმოს მოგებიდან კუთვნილი 20%-იანი წილის დივიდენდები მოითხოვა. მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას და განაცხადა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დივიდენდებთან დაკავშირებით ხანდაზმულია და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ასევე მოპასუხემ განმარტა, რომ საწარმოს ქონება წარმოადგენს არა პარტნიორების, არამედ საზოგადოების საკუთრებას, შესაბამისად პარტნიორებისთვის თანხების დაკისრება არამართებულია.
"მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპით მიმდინარე სასამართლო სხდომისას, სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან კანონიერ ძალაშია შესული პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დავით ძოწენიძე ცნობილ იქნა შპს "აკას" კაპიტალში 20%-იანი წილის მესაკუთრედ, მას როგორც პარტნიორს "მეწარმეთა შესახებ" საქარათველოს კანონის თანახმად აქვს დივიდენდების მიღების უფლებაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიმდინარეობისას მოსარჩელის მიერ ჩატარებული აუდიტორული დასკვნის საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2004 წლიდან დღემდე მიუღებელი დივიდენდები, სულ 859 195, 20 ლარი. დივიდენტების დაანგარიშება განხორციელდა იმავე წესით, რომელიც მითითებული იყო შპს ‘'აკას'' მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაში", - აღნიშნავენ საქალაქო სასამართლოში.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.