30 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა თამაზ თამაზაშვილის მიმართ. მას ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე ასაფეთქებელ მოწყობილობათა მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. მასვე ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.
საქმის მასალის მიხედვით, 2011 წლის 11 ოქტომბერს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში, კოსტავას გამზირზე, სამართალდამცავების მიერ გაჩერებულ იქნა "ნისანის" მარკის ავტომანქანა, რომელსაც თამაზ თამაზაშვილი მართავდა. ვინაიდან არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ იგი ინახავდა კანონსაწინააღმდეგო ნივთს და შესაძლო იყო მტკიცებულება მოეშორებინა, მას ადგილზე ჩაუტარადა ავტომობილის ჩხრეკა. ჩხრეკისას ავტომანქანის საბარგულიდან სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა AK-74 მოდელის, 5,45 კალიბრის "კალაშნიკოვის" კონსტრუქციის N 797207 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდითა და 26 საბრძოლო ვაზნით.
იმავე დღეს დედოფლისწყაროში, პუშკინის ქუჩა #45-ში, ჩატარებულ იქნა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. სამართალდამცავების მიერ ამოღებულ იქნა სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც თ. თამაზაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, კერძოდ: 1) 80 ც ვაზნა 5,45მმ კალიბრის, განკუთვნილი "კალაშნიკოვის" კონსტრუქციის ავტომატებისა და ტყვიამფრქვევებისათვის, აქედან 53 ცალი ვაზნა მიეკუთვნებოდა საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისი იყო გამოსაყენებლად. 2) ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ-იანი კალიბრის "მაკაროვის" კონსტრუქციის პისტოლეტი. 3) ქარხნული წესით დამზადებული 8 ცალი ვაზნა 9მმ-იანი კალიბრის, განკუთვნილი " მაკაროვისა და სტეჩკინის" კონსტრუქციის პისტოლეტისა და ავტომატური პისტოლეტისათვის. 4) 7, 62მმ კალიბრის "ნაგანის" სისტემის რევოლვერი . 5) 10, 67მმ კალიბრის "SMITH&WESSON" სისტემის რევოლვერი. 6) 59 ცალი 5,45მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი "კალაშნიკოვის" კონსტრუქციის ავტომატებისა და ტყვიამფრქვევებისათვის 7) 4 ცალი 9 მმ კალიბრის ქარხნული წესით დამზადებული ვაზნა 8) ქარხნული წესით დამზადებული "კალაშნიკოვის" კონსტრუქციის "AKCY" მოდელის 5, 45მმ კალიბრის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. 9) 42 ცალი 5,45 მმ კალიბრის სამხედრო ვაზნა, განკუთვნილი "კალაშნიკოვის" კონსტრუქციის ავტომატებისა და ტყვიამფრქვევებისათვის 10) 5,6 მმ კალიბრის "TO3-17"კარაბინი 4 ცალი ვაზნით. 11) 5,6 მმ კალიბრის 46 ცალი ვაზნა. 12) Ф-1 ტიპის ხელყუმბარა.
ასევე ამოღებული იქნა 5,6მმ კალიბრის "ARMINIUS" სისტემის გერმანული წარმოების რევოლვერი, რომელიც, როგორც გამოძიებისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი გაფორმებული იყო თ.თამაზაშვილზე, რის გამოც იგი ამოერიცხა ბრალიდან.
სასამართლო განხილვისას თამაზაშვილმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: სამი მოწმის ჩვენებით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, დადგინდა რომ თამაზაშვილი ინახავდა და ატარებდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, ხოლო ექვსმა მოწმემ დაადასტურა, რომ თამაზაშვილი დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე თავის კუთვნილ სახლში ინახავდა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას და ასაფეთქებელ მოწყობილობას. ბალისტიკური და პიროტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებითა და ღია სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტების ჩვენებებით დადგინდა, რომ თამაზაშვილის ავტომანქანის და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის, ასევე საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ვარგისია დანიშნულებით გამოყენებისთვის.
ამდენად, დასახელებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება.
თბილისის საქალაქო საასმართლომ თამაზ თამაზაშვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.