თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პაატა ვართასაშვილის სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოქალაქე ილია წიქარაძის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიმართ. ორივე შემთხვევაში ფიზიკური პირები შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.
საქმის მასალის მიხედვით, ვართასაშვილის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს ბანკში არსებული საანაბრო ანგარიშიდან, იგივე საიდენტიფიკაციო პირადი მონაცემების მქონე ინდივიდუალური საწარმო "პაატა ვართასაშვილისთვის"დარიცხული დავალიანების ჩამოჭრას, რამაც მოსარჩელის საბანკო ანგარიშის დაყადაღება გამოიწვია.
წიქარიძემ კი, სოფლის მეურნეობის თვითნაკეთი პროდუქტის რეალიზაცია გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით მოახდინა, რის საფუძველზედაც, ეს უკანასკნელი დაჯარიმდა. დაკისრებული საგადასახადო ჯარიმის გაუქმების მოითხოვნით მოსარჩელემ მომართა სასამართლოს.
სასამართლო გაეცნო საქმეთა მასალებს, შეამოწმა სარჩელთა საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული აქტები.
სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შემდეგ, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათი მოთხოვნის საფუძვლიანობა ნაწილობრივ დადასტურდა.
აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.