იაშვილის კლინიკიდან გამოსახლებულმა დევნილებმა საკუთრება მუხიანის მე-2 მკ/რნ-ში მიიღეს. აფხაზეთიდან დევნილი 58 ოჯახი 17 წელი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში ცხოვრობდა, რომელიც კერძო საკუთრება იყო.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შუამდგომლობით, კერძო პირმა, დევნილებს შენობის დაცლა მანამ გადაუვადა, სანამ მათ ფართს გამოუყოფდნენ. სამინისტრომ დევნილები განსახლების პროგრამის ფარგლებში მუხიანში 3 სართულიან შენობაში გადაიყვანა და 4200 კვ.მ. ფართი საკუთრებაში გადასცა.
დევნილები ახალმოსახლეობას ნელ-ნელა ეგუებიან, თუმცა ზოგიერთს საავადმყოფოს შენობის დატოვება არ სურდა.
"ვინც იტყვის, რომ კერძო საკუთრებას საავადმყოფოს შენობა სჯობს, ნორმალურად ვერ ჩავთვლი. იქ ჩვენ იძულებით ვცხოვრობდით, რადგან ალტერნატივა არ გვქონდა. ერთი საშინელება ის იყო, რომ საავადმყოფოში ვიყავით, მეორე ის, რომ რამდენი ბავშვიც დაიღუპებოდა, წარმოიგდინეთ, რა წივილ-კივილი იყო ირგვლივ, მესამე - ანტისანიტარია, მეოთხე - სასწრაფო მანქანების ხმა და ერთი სიტყვით, კოშმარი იყო. 2 აზრი არ არსებობს, რომ ეს შენობა ნამდვილად კარგია, თან საკუთარი ჭერი გვაქვს და ეხლა ხელ-ფეხი ჩვენც უნდა გავანძრიოთ, საკუთრი საცხოვრებელი წესრიგში რომ მოვიყვანოთ. 5 დღეა, ამ კოშმარისგან დავისვენეთ. Aფართის გარდა, გვაქვს საკუთარი ეზო, რომელსაც ისე გამოვიყენებთ, როგორც გვინდა", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენ"-ს აფხაზეთიდან დევნილმა ვახტანგ ბაღიშვილმა.