დღეს, 29 აპრილს, ახალი გალერეის საგამოფენო სივრცეში პროექტის "არტ-ტერიტორია საქართველო" ფარგლებში პირველი გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე XX საუკუნის 20 - 30 წწ. ფერწერა, გრაფიკული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
პროექტი ითვალისწინებს მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე კულტურული პროცესების ჩვენებას - კულტურის იმ ობიექტებით, სურათებით, ბეჭდური, დოკუმენტური, საარქივო მასალით, ფოტოებით , რომლებიც საქართველოს კერძო კოლექციებშია დაცული. მათი უმრავლესობა უცნობია საზოგადოებისათვის და პირველად იქნება ექსპონირებული.
პროექტის გამოფენები მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, გეოგრაფიული ტერიტორიის ფარგლებში კულტურის განვითარების მიმდინარეობის წარმოჩენას და მეორე მხრივ, ხელოვნების ტერიტორიის შეფასებას კონკრეტული ადგილისა და დროის მიხედვით.
პროექტის პირველი გამოფენა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის პირველ 30 წელს მოიცავს და საქართველოში მოღვაწე ქართველი და არაქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება: შალვა ქიქოძის, დავით კაკაბაძის, ვერა როხლინას, ირინა შტენბერგის, მიხეილ გოცირიძის, სერაპიონ ვაწაძის, იოსებ გაბაშვილის, ემა ლალაევის, ვალერიან სიდამონ - ერისთავის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, გრიგოლ გაგარინის უნიკალური წიგნი "კავკასიის ღირშესანიშნაობები" და სხვა.
გამოფენა ახალი გალერეის საგამოფენო სივრცეში 28 მაისამდე გაგრძელდება.